“დროას“ პატირმობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისთვის სანდო ექიმის შესვლას ითხოვს.
ეს ინფორმაცია ადვოკატმა ეკა ბესელიამ მასთან შეხვედრის შემდეგ რუსთავის ქალთა ციხიდან გამოიტანა.
ბესელიას თქმით, ის შეხვდა ციხის დირექტორს და ელენეს თხოვნა და დანაბარები გადასცა, “მისთვის ნდობით აღჭურვილ ექიმს ციხის მთავარმა ექიმმა მიაწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.“
ბესელიას თქმით, ციხის ადმინისტრაციამ სრული მზაობა გამოთქვა თანამშრომლობაზე და მთავარ ექიმს პირადად გაასაუბრა ადვოკატი, რომელმაც უთხრა, რომ ის აუცილებლად შეხვდება ხოშტარიას ექიმს, რათა შეჯერდნენ დიაგნოზზე და შემდეგ უკვე მკურნალობის მეთოდებზე.
“ვნახე ელენე, შევხვდი დირექტორს, რომელმაც მოიყვანა მთავარი ექიმი. ელენე ბოლოს რომ ვნახე, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა, არ უჭირდა სიარული, საერთოდ იცით, როგორი ამტანია, ახლა ხელჯოხი სჭირდება, ვიზუალურად ცდილობდა, არ შეემჩნია ტკივილები, მაგრამ ფაქტია, რომ აწუხებს. მიუხედავად იმის, რომ ცდილობდა და საერთოდ სხვადასხვა თემებზე გადაგვქონდა საუბრის შინაარის, შიგადაშიგ ის ტკივილი, რომელიც აქვს და რის გამოც ეყრდნობა ხელჯოხს, და იხრება ამ ტკივილის გამო, ეს რომც არ ეთქვა, ჩემთვის გასაგებია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
მართალია ის არაფერს ითხოვს და მისი პოზიცია არის შეუვალი, თუმცა მნიშვნელოვანია, რა არის საჭირო, რომ მას გაუკეთდეს. როგორც მითხრა, ჩემთან შეხვედრამდე მთავარი ექიმიც შეხვდა და ესაუბრა, რა პრობლემებიც ჰქონდა. ასევე მითხრა, რომ დირექტორისთვის მეთხოვა, მისი პირადი, ნდობით აღჭურვილი ექიმი, ანი ქავთარაძე, შეხვდეს ციხის მთავარ ექიმს და შეჯერდნენ ჯერ დიაგნოზზე, შემდეგ მკურნალობის მეთოდზე და რა არის საჭირო. მისი თხოვნა იყო ის, რომ თუ მთავარი ექიმი და მისი ექიმი ვერ შეთანხმდებოდნენ, ციხის უფროსი ჩართულიყო ამ პროცესში. ეს როგორც გადავეცი დირექტორს, მითხრა, მოვაგვარებო, დაუძახა მთავარ ექიმს, რომელმაც მომიყვა ელენეს ჯანმრთელობასთან არსებული დეტალები. ისიც მითხრა, რომ ანალიზების პასუხებს, რომელიც მას დღეს აუღეს და რომელიც საჭიროა სწორი დიაგნოზისთვის, დავაჩქარებო. პირობა მივიღე, რომ ძალიან სწრაფად იქნება ანალიზების პასუხები, ასევე შეხვდებიან ელენეს მოთხოვნილ ექიმს და მასთან ერთად გაივლიან ანალიზის შედეგებს, რათა დიაგნოზი დაისვას. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს მკურნალობა, სად უნდა ჩატარდეს და როგორი წესით. თურქეთის მხარესთან, ელენეს ნდობით აღჭურვილი ექიმი იქნება საკონტაქტო პირი” – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, არსებობს არაერთი სამართლებრივი გზა, როგორ უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან ადამიანი ავადმყოფობის გამო და მიუხედავად იმისა, რომ ამას ელენე ხოშტარია არასდროს მოითხოვს, აუცილებელია მაინც მოხდეს.
“თვითონ არ მოითხოვს, რა გათავისუფლება მოხდეს ავადმყოფობის გამო, მაგრამ ხომ არ უნდა ველოდოთ, ადამიანი ამას თვითონ იტყვის თუ არა, კანონი ხო ითვალისწინებს. არსებობს ძალიან ბევრი ტიპის შემოვლის მექანიზმი, როგორ შეიძლება სასჯელისგან გათავისუფლდეს ადამიანი, კანონიერი გზით” – დასძინა მან.
