მთავრობა 47 მილიონ ლარად 2026 წელს გამოშვებულ 592 ავტომობილს ყიდულობს – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტენდერი ახალმა უწყებამ “ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ” გამოაცხადა. შესაბამისად, ერთი ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 79,489 ლარი დაიხარჯება. გამოცემა წერს, რომ ტენდერი რამდენიმე კომპონენტად იყოფა, ესენია პიკაპების, ჰიბრიდული ავტომობილების და მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი განკუთვნილია სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.
BMG-ის ცნობით, 305 პიკაპის საერთო ღირებულება იქნება 27,571,695 ლარი (ერთეულზე 90,399 ლარი); 156 ჰიბრიდული ავტომობილის საერთო ფასი იქნება 9,218,040 ლარი (ერთეულზე 59,090 ლარი); 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული ავტომობილების საერთო ფასი იქნება 7,947,800 ლარი (ერთეულზე 81,100 ლარი) და 33 ერთეული II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ფასი იქნება 2,319,900 ლარი (ერთეულზე 70,300 ლარი). აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.
