პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშს უსმენენ.
“დეესკალაციის ოთახისა და სამარტოო, უსაფრთხო საკნებში მოთავსება კვლავ ხშირად და ხანგრძლივი ვადით გამოიყენება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პატიმრების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვანების პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულების დებულებებს, არამედ დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს.
საანგარიშო წლის განმავლობაში პატიმრები კვლავ აქტიურად მოგვმართავდნენ გაჭიანურებული, ან არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ განცხადებებით. პატიმრების ფიზიკურ და ფსიქო ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების არასაკმარისი რაოდენობა. ასევე, დახურულ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების შეზღუდული რეჟიმი, ინციდენტების მართვის პრაქტიკა, გადატვირთულობა და საცხოვრებელ ადგილთან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსება.
დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში კვლავ 23 საათს ატარებენ საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო სივრცეებში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო სათანადო პირობები.
ანგარიშის წარმოდგენის დროისთვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახული ჰყავდათ აქციებზე დაკავებული, ჯამში, 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 192 პირს. მონახულებული დაკავებულებიდან 49 იყო ქალი და 2 არასრულწლოვანი. მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი, დაზიანებები აღენიშნებოდა 17 პირს…
წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები” – თქვა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
