თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობას – სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სუს-ის ექს-შეფი.
დღეს ე.წ ქოლცენტრების საქმის ეპიზოდზე მსჯელობენ. სხდომაზე საათნახევარია იკითხება პროკურატურის მოწმე, რომელსაც კითხვებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები უსვამენ.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ლილუაშვილის ადვოკატმა – ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით არ არის დაკითხული “შუამავალი”, რომელზეც ბრალდების მხარე აპელირებს და ამტკიცებს, რომ სწორედ შუამავლის მეშვეობით მიდიოდა თანხა გრიგოლ ლილუაშილთან.
“ყველა ეპიზოდთან მიმართებაში, ბრალდების მხარე საუბრობს, რომ ვიღაც შუამავლის მეშვეობით მიეწოდა ფულადი თანხა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ასეთი შუამავალი დღემდე დაკითხული არ არის. აქედან გამომდინარე ჰიპოთეტური თქმა, რომ ვიღაცის ხელით, სადღაც ვიღაცას რაღაცა მიეწოდება, არის არაიურიდიული მსჯელობა.
ფიქრები, ვარაუდები, ჭორები მტკიცებულებას არ წარმოადგენს და ვერასოდეს ვერ გაუთანაბრდება გონივრულ ეჭვს მიღმა დასაყენებელ სტანდარტს მტკიცებულებისა, რითაც ზოგადად დგება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი” – ამბობს ლანა ცერცვაძე.
