“ელენე არის ძალიან ცუდად. რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას” – ამის შესახებ ნიკა გვარამია წერს და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
მაგრამ დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია – ბოლობოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.
დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისთვის და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის ეს უმძიმესი ვითარებაა.
ფაქტიურად, ელენეს ქართულმა ოცნებამ, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა. მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:
თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს!
და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
