ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ბაჩო ნონაშვილს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნონაშვილი უკრაინის მხარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში განესაზღვრა.
რუსული მხარის მტკიცებით, ბაჩო ნონაშვილი უკრაინაში 2023 წლის ზაფხულში ჩავიდა და 2026 წლის მარტამდე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. მას ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით წაუყენეს, რომელიც „დაქირავებული მებრძოლის“ საქმიანობას ეხება.
ამავე ინფორმაციით, ნონაშვილზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსეთი უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებებით საქმეებს პერიოდულად აღძრავს.
