4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, მას აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სასამართლო პროცესზე სურს. სწორედ მომდევნო სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, აღიარებს თუ არა ჭავჭანიძე ბრალად წარდგენილ ქმედებას და მიმართავს თუ არა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით.
ზურაბ ჭავჭანიძე სასამართლოს უპატივცემლობის გამო, სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია, შესაბამისად, ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა განაცხადა, ის სასამართლოს უნდა გამოეძახებინა, თუმცა, ასე არ მოხდა, რის გამოც ჭავჭანიძის პოზიცია დღეს ვერ დაფიქსირდა.
დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ყველა ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, გარდა ზურაბ ჭავჭანიძისა. სწორედ აღნიშნულ ეტაპზე გადაიდო სხდომა.
შემდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 ივნისს, 10:00 საათზეა დანიშნული, მას შემდეგ, რაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ჭავჭანიძის პოზიციასა და საბოლოო სიტყვას მოისმენს, განაჩენს გამოაცხადებს.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს – გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 8 პირის – ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.
