ნანა ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანის, იგივე “მეფის” და ქეთათო ჩარკვიანის შვილია. როგორც ის აღნიშნავს, მამა კარგად არ ახსოვს, თუმცა ძალიან კარგად ახსოვს ბაბუა, რომელთანაც თითქმის მთელი ბავშვობა გაატარა.
გადაცემა „ბაიასთან“ ნანამ მამა და ბაბუა კიდევ ერთხელ გაიხსენა:
“2 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა, უმამოდ გავიზარდე. თითქოს ჩემი ცხოვრება სხვა უმამო ბავშვების ცხოვრებისგან არ განსხვავდებოდა. ბავშვობიდან დედა მეუბნებოდა, რომ „მეფის“ ტიტული მხოლოდ მე, მაქსიმეს და ქეთათოს შეგვეძლო გვქონოდა და მეც ბავშვობიდან სოციალურ პლატფორმაზე „მეფე“ უკვე მქონდა სახელად. ბავშვობიდან იმ რაღაც ლეგენდის პერსონაჟი ვიყავი. ფსიქოლოგიურად ამან ჩემზე ის კვალი დატოვა, რომ მეტად თავდაჯერებული ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ ირაკლი არ მახსოვდა, დიდი არქივი მქონდა, რომელიც ჩემმა ოჯახმა დამიტოვა. ეს იყო მუსიკა, პოეზია, ნაწერები და ა.შ. გელა მთელი ცხოვრება ისტორიებს აგროვებდა და შემდეგ მე მიყვებოდა. ჩემს ცხოვრებაში სულ სწავლების ეტაპი იყო. თუ სხვა ბაბუა და შვილიშვილები დილით ამინდზე საუბრობენ, გელა მე სულ ფილოსოფიაზე მესაუბრებოდა. ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდ დროს გელას კაბინეტში ვატარებდი. ბავშვობაში სტალინის ფოტოების გარემოცვაში დაძინება არ მიყვარდა და პროტესტი მქონდა, მაგრამ შემდეგ ძალიან შევეჩვიე.“ – განაცხადა ნანა ჩარკვიანმა