პირველი არხის სტუდიაში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც 10 წლის ანკა პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა და სცენაზე დაეცა, შესაძლოა სასამართლო დავის საგანი გახდეს. ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი არა თავად შემთხვევა, არამედ ის გულგრილობაა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს. კადრებში ჩანს, რომ ბავშვის დაცემის მიუხედავად, ნომერი გრძელდება და მას დახმარებას დაუყოვნებლივ არავინ უწევს.
ანკას დედა, თამარ აკობია, „პირველებს“ უდასტურებს, რომ „სიმღერის აკადემიას“ ოჯახისთვის ბოდიში არ მოუხდია. მისი თქმით, ორგანიზატორები პირიქით, მას ადანაშაულებენ მომხდარის არასწორად აღქმასა და ვიდეომასალის გასაჯაროებაში. აკობია ამბობს, რომ დღემდე არ იცის იმ მშობლის ვინაობა, რომელმაც მისი შვილის დაცემის ამსახველი ვიდეო გადაიღო.
რატომ არ შეჩერდა გადაცემა ბავშვის დაცემის შემდეგ და რატომ ვერ შენიშნეს მომხდარი სტუდიაში? – ამ კითხვებზე პასუხებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლაშა ტუღუში ითხოვს. მან უკვე ოფიციალური წერილით მიმართა პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს.
ტუღუშის შეფასებით, რთულად დასაჯერებელია, რომ სტუდიაში, სადაც რამდენიმე კამერა მუშაობდა და სცენას სხვადასხვა რაკურსიდან იღებდა, ბავშვის წაქცევა არავის დაეფიქსირებინა. მომხდარის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებლობის საკითხი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში განხილვის საგანი გახდება.
