10 წლის გოგონას ეთერში დაცემის ფაქტს „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანიც ეხმაურება. მისი შეფასებით, ბავშვი რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო და პასუხისმგებლობა სრულწლოვან პირებს ეკისრებოდათ, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
წულუკიანი ასევე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში სამი წუთი ძალიან დიდი დროა და მომხდარი სახუმარო ამბავი არ არის.
“ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ იქვე მყოფმა ბავშვებმაც დაინახეს და სრუწლოვანმა მომღერლებმაც. ასეთ დროს, როცა პროდიუსერი ან საეთერო არ აჩერებს ეთერს (რაც გასაკვირია), ეთერში მყოფი სრულწლოვანი პირები უნდა გამოეთიშონ ეთერს და დაეხმარონ ბავშვს. სამი წუთი ძალიან ბევრია! და არც “წამომჯდარი” შველის საქმეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. რა შუაშია და ვინ შეიძლება, დაადანაშაულოს ბავშვები?! მე ისიც ვერ გავიგე, თუ ვიდეოს იღებდა წაქცეული ბავშვის მშობელი, თავად რატომ არ შევარდა ეთერში? ალბათ აუკრძალეს წაქცევა და გონების თუნდაც წამით დაკარგვა, არაა სახუმარო ამბავი” – წერს წულუკიანი.
