“რადიო თავისუფლებასთან” არასრულწლოვანი ბავშვის დედა, რომელიც საზმაუს პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, თამარ აკობია მომხდართან დაკავშირებით საუბრობს:
“გუნდის წევრი ბავშვი ტირილით, კანკალით მოვიდა, რა ხდება, რატომ ტირი-მეთქი და ანკა ცუდად გახდაო და ძალიან ვინერვიულეო, ბავშვი კანკალებდა, ისეთ მდგომარეობაში მოუწია სიმღერა, ანუ წაქცეულ ბავშვზე მოუწია სიმღერა გაღიმებულს. კანკალებდა, რომ ვერ მიეხმარა, არ მიეცა იმის საშუალება, რომ დახმარებოდა თავის მეგობარს და ამის გამო ტიროდა.
მერე მითხრეს, რომ შეუძლოდ გახდა ანკა და ახლა კარგად არისო. ვხედავ მშობლებს მოჰყავთ, წყალი უჭირავს ხელში, გაფითრებული, შეშინებული თვალებით იყურებოდა. რა მოხდა-მეთქი და მშობლებმა მითხრეს გული წასვლიაო, ჩაკეცილაო. ახლა ჩვეულებრივ, ნორმალურად არისო, მივეფერე, არ შეგეშინდეს მეთქი, რას წარმოვიდგენდი თურმე რა მომხდარა… მარტო დატოვეს ბავშვი თავის გასაჭირთან. თავისით მოვიდა გონზე, გაბრუებული და შეშინებული, ალბათ ბავშვი ვერც მიხვდა რა მოუვიდა. გულწასული ადამიანი ვერ ხვდება რა მოუვიდა. გარკვეული დრო სჭირდება, რომ გაიაზროს ეს ყველაფერი და აი ამ შიშებთან და ამ თავის გასაჭირთან მარტო დამიტოვეს ბავშვი. არავინ, ხელი არ შეაშველა, სიტყვა არ შეაშველეს, რომ ანკა, ნუ გეშინია, არაფერია, აგერ ვართ, უბრალოდ ცუდადგახდი, გული წაგივიდა. აი ეს სიტყვა არ უთხრა არავინ”. – ეუბნება “რადიო თავისუფლებას” თამარ აკობია.
დღეს ბავშვის ბებიამ, ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია.
