“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა და მინისტრმა კახა კახიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და კობახიძის მიერ ივანიშვილისთვის მიძღვნილი საგანგებო ბრიფინგი შეაფასა.
“რა წინაპირობა ჰქონდა ამ [ბრიფინგს] მე სიმართლე რომ გითხრათ, ვერ მივხვდი. რეალურად ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ამ ბრიფინგის შინაარსი, ისედაც ვიცოდით, ხომ? ის, რომ პარტია დაფუძნებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად უპირობო რეიტინგი აქვს ქართული ოცნების ამომრჩეველში… მიუხედავად იმისა ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ იქნება აღმასრულებელი მდივანი, მაინც ქართული ოცნების ამომრჩეველი ცენტრალურ ფიგურად აღიქვამს ბიძინა ივანიშვილს. ამაში ახალი არაფერი არაა, ხომ? ეს არის რეალობა.
მეორე, მე ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვიცი, ის არ ეტყოდა, რომ იცი რა, გამოდი და დამიცავი და ბრიფინგი ჩაატარე… გამორიცხულია მას მსგავსი არ სჩვევია, რომ [დაგავალოს] იცი რა, ხვალ შენ ბრიფინგი ჩაატარე, რაღაც არ მომეწონაო… არ ვიცი შეიძლება [კობახიძემ] თვითონ ჩათვალა საჭიროდ…
[კითხვა] გამიჩნდა, როგორ არ გამიჩნდა… არც ქართული ოცნების დაფუძნების წლისთავია, არც ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა… დაბადების დღეზეც არ უნდა ეთქვა, მე თუ მკითხავთ. მაგრამ რამ განაპირობა კონკრეტულად მისი გუშინდელი ბრიფინგი იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით და რაც ანა-ბანაა ისედაც…
ქართული ოცნების ყველამ ამომრჩეველმა იცის ვის ავტორიტეტზე დგას. ახლა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავს რაღაც დიდ ფიგურას წარმოადგენს ქართულ ოცნებაში, უბრალოდ რომ გავიდეს პარტიიდან და თავად დააფუძნოს პარტია, შეიძლება ერთი პროცენტიც ვერ გადალახოს. მაგრამ ამაზე არაა საუბარი. ეს ყოველდღიურად რატომ უნდა თქვა, აი, ამას ვერ ვხვდები.
და სიმართლე რომ გითხრათ, ალბათ ბატონ ირაკლი კობახიძეს უნდა კითხოთ იმიტომ, რომ ახლა ის დებატებიც, ისეთი მწვავეც არ იყო, რომ მაგისთვის შენ ადგე და საგანგებო ბრიფინგი ჩაატარო. ან ისეთი რამე მოისმინე იმ დებატებზე, რომელიც მანამდე არ მოგისმენია და გინდა თუ არა საგანგებო ბრიფინგის მეშვეობით უნდა აგიხსნა….
“თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ბიძინა ივანიშვილს იმდენი რამ აქვს თავის ცხოვრებაში ნანახი… ყველა აქებს და ყველა ადიდებს, ფიქრობთ რომ ასეთი მიამიტია, ყველა სიტყვას უჯერებს, ან ჩემსას იჯერებს ან კობახიძისას იჯერებს ან თქვენსას? რა თქმა უნდა, იმას სხვა სხვა შეხედულებები აქვს და პირიქით მე მგონია, რომ ზედმეტი ქება ზოგჯერ არც სიამოვნებს კიდეც. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, ასე ვიქნებოდი. ყველაფერს ეჭვის თვალით შევხედავდი. და ამ ადამიანმა შეძლო არა მხოლოდ ფულის შოვნა, იმის შენარჩუნებაც და ამ ხელისუფლების გასტუმრებაც და ხელისუფლებაში ყოფნაც. ესე იგი გამოდის, რომ მთლად მიამიტურად ყველა ქება-დიდებას არც უკვეთავას და არც სჯერა” [Netgazeti] – განაცხადა კახა კახიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელიც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.
