“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 1930-იანი წლების რეპრესიებს შეადარა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ სწორედ მაშინ ხდებოდა ადამიანების გასამართლება იმის საფუძველზე, რომ ესა თუ ის პირი ხელისუფლებისთვის სასურველად არ მიიჩნეოდა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკურ ლიდერებს ესმით, რომ დღეს ოპოზიციაში ყოფნა რისკია, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისინი არ გადაუხვევენ იმ ხაზს, რომელიც აქვთ.
“პირველ რიგში, დახურულია ეს სხდომა და შეგნებულად არის დახურული, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს საოცარი აბსურდი, რომელსაც ჩვენ ახლა ვესწრებით, ეს არის გამორჩეული დევნა პოლიტიკური ლიდერების. ახლა იმ ადამიანმა, რომელმაც დაუკვეთა ეს პროცესი, მან გადაწყვიტა, რომ ახლა უნდა დააჩქაროს ეს პროცესი, თქვენ გესმით, რომ ამ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს… ამ ქვეყანაში ესეთ გადაწყვეტილებებს იღებს ერთადერთი ადამიანი, რომელიც შემდგომ სათანადოდ ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით გადასცემს ამ დავალებას შესაბამის უწყებებს.
გვესმის, რომ დღეს ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს ყველა რისკს, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ხაზს, რომელიც გვაქვს.
თავისი აბსურდით ეს საქმე უტოლდება 30-იანი წლების პერიოდში წარმოებულ აბსურდულ საქმეებს, ადამიანების გასამართლება მაშინ ხდებოდა სწორედ იმის საფუძველზე, რომ ესა თუ ის პირი ხელისუფლებისთვის სასურველად არ მიიჩნეოდა,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
