თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართება. სხდომა თვის ბოლოს, 24 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა.
“ქართული ოცნების” ოპონენტები 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმე აბსურდად აფასებენ. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან შესაძლო დანაშაულს დაადასტურებდა.
ამასთან, ოპოზიცია არ უარყოფს, რომ დასავლეთის მხრიდან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირება და იზოლაცია წინააღმდეგობის მოძრაობის შედეგია, ამიტომ ახლა ივანიშვილის ხელისუფლება მათზე შურისძიებას ცდილობს.
“წინააღმდეგობის მოძრაობას, რა თქმა უნდა, აქვს შედეგები პოლიტიკური კლასის, არასამთავრობო სექტორის მუშაობას ჩვენს საგარეო პარტნიორებთან ჰქონდა შედეგი. “ქართული ოცნებისთვის” ამან მოიტანა იზოლაცია, მოიტანა სანქციები. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკოსების და იმ სამართალმდამცველების დასანქცირებაზე, ეს არის ადეკვატური პასუხი დასავლეთიდან, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, დემოკრატიული პროცესის გაჩერება, უკუსვლა, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს გაზრდის, ბუნებრივია, წნეხს და ამის გამო ახლა “ქართულ ოცნებას” სურს, შური იძიოს, სურს, რომ ბოლომდე მოკლას ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი, არ დატოვოს სივრცე დემოკრატიული პროცესისთვის. ამის გამო პასუხისგებაში მისცა მან პოლიტიკური ლიდერები” – ამბობს გიორგი სიორიძე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ახლა ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დამნაშავე არა სისტემა, არამედ კონკრეტული ადამიანები არიან. მისი თქმით, შეუძლებელია, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა დაარწმუნოს დასავლური სახელმწიფოები, რომ მათ სანქციები გამოსცენ.
“ერთი, რომ “ქართულ ოცნებას” სჭირდება პროპაგანდისტულად საკუთარი ამომრჩეველი და ზოგადად, საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავე და არა სისტემა. სინამდვილეში, დასავლური გადაწყვეტილებები მიიღება სისტემური ძალადობის გამო. მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ახლა ამუშავდა, სწორედ მაგას გულისხმობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხელყოფა სისტემურად მიმდინარეობს. თუ სისტემურობა არ დგინდება, არანაირი სანქცია არ წესდება ქვეყნების მიმართ, შესაბამისად, სისტემურობა ვინაიდან დადგენილია, სწორედ ამიტომ დაუწესდა “ქართულ ოცნებას” სანქციები. ერთი კონკრეტული ადამიანი, თუნდაც პოლიტიკოსი, ვერ შეძლებს დაარწმუნოს ქვეყნის და დასავლური სახელმწიფოების ქვეყნების ინდივიდუალური პარლამენტები, მთავრობები, სასამართლოები, რომ მათ სანქციები გამოსცენ” – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ენმ-ს წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, ფაქტის ცხადყოფს, რომ “ქართულ ოცნებას”, რომელიც პუტინის გეგმას ასრულებს, სანქციების ძალიან ეშინია.
“ამ მოღალატეთა კრიმინალურ რუსულ ბანდას არა მარტო სანქციების ეშინია, პირდაპირ ასრულებენ პუტინის გეგმას. ეს ის გეგმაა, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, აღარ იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს აღარ შეეძლოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენს ქვეყანას დარჩება, იყოს რუსეთის ვასალი, რუსეთის სატელიტი ქვეყანა და ესეც რაღაცნაირად მოასაღოს, რომ ეს თურმე ყოფილა ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რაც ტყუილია” – ამბობს გიორგი ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ადგენს, ვისი დამსახურებით დაედო სანქციები “ოცნების” 200-ზე მეტ მაღალჩინოსანს. ამის შესახებ გუშინ 8 ოპოზიციონერი ლიდერი საქმის პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
