ნინო წილოსანმა “ტვ იმედის” ეთერში, ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც იყო დაწესებული.
“ფაქტია, რომ ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, რაც აფერხებს ამ პროცესს, ეს არის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული. ამიტომ კარგია, რომ მათ შორის, ეს სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები ვერ აბიჯებენ წესებს” – განაცხადა ნინო წილოსანმა “ტვ იმედის” ეთერში.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება. რამდენიმე დღის წინ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე “ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების” საკითხი განიხილება. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ “EU-ს სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს”.
