თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სირიის მოქალაქე დაიკითხა.
მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს 7 საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული პირი 2013 წლიდან ფლობდა ქოლ-ცენტრს, ხოლო მფარველობისთვის ქრთამი სუს-ში მიჰქონდა.
საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის ცნობით, მოწმემ სასამართლო დარბაზში განმარტა, რომ მის ქოლ-ცენტრების ბიზნესს სუს-ი მფარველობდა, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილს პირადად არ ხვდებოდა.
ამასთან, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მოწმემ დაასახელა გრიგოლ ლილუაშვილთან ძალიან ახლო კავშირში მყოფი პირები, რომლებიც უშუალოდ მიდიოდნენ ქოლ-ცენტში.
პროკურორი ამბობს, რომ დასახელებული პირები სასამართლოში დაიკითხებიან.
დაიკითხა მოწმე, რომელმაც ისაუბრა იმ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რომელსაც ის მართავდა სხვა პირებთან ერთად. ასევე, ისაუბრა მის პარტნიორებზე და მფარველებზე და მოწმემ ცალსახად განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მას მიეწოდებოდა მფარველობა და პირობა ამის.
ასევე, მან კონკრეტულად გადმოსცა ინფორმაცია გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით, ბუნებრივია, ეს მოწმე პირადად არ ხვდებოდა გრიგოლ ლილუაშვილს და ვინ ხვდებოდა პირადად, ამასთან დაკავშირებითაც მან მოგვაწოდა ინფორმაცია.
მის მიერ დასახელდა გრიგოლ ლილუაშვილთან ძალიან ახლო კავშირში მყოფი პირების სახელები და გვარები, რომლებიც უშუალოდ მიდიოდნენ ქოლ-ცენტში, უშუალოდ გადიოდნენ ქოლ-ცენტრის საქმიანობის ყველა დეტალს, შესაბამისად ეს ადამიანებიც სასამართლოში იქნებიან დაკითხულები.
თუმცა მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ მის მიერ მფარველობისთვის ხდებოდა თანხის გადახდა იმის გამო, რომ მას მფარველობდა სუს-ი,” – ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.
- გრიგოლ ლილუაშვილის საქმის მოწმემ სასამართლოს შენობა ავტომობილით დატოვა, შესაბამისად მასთან კითხვების დასმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირი ქოლ-ცენტრის ფლობას ადასტურებს, ბრალდებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.
არ ვიცით, შეიძლება ჰქონდეს [ბრალდებულის სტატუსი]… მე გაფრთხილებული ვარ, რომ ამ საქმეზე ინფორმაცია არ უნდა გავცე,” – თქვა მისმა ადვოკატმა.
სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ ფაქტია მოწმე ბრალდების მხრის ბენეფიტებით სარგებლობს, რადგან მან აღიარა რომ ჩადენილი აქვს დანაშაულები, თუმცა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.
ამასთან, ლანა ცერცვაძის განმარტებით, მოწმემ სასამართლოში თქვა, რომ “გრიგოლ ლილუაშვილთან არანაირი სახის პირადი შემხებლობა და ურთიერთობა, კომუნიკაცია მას არასდროს არ ჰქონია”.
ფაქტია, რომ ის გარკვეული ბენეფიტებით სარგებლობს ბრალდების მხრიდან. ამას დღემდე მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან, მინიმუმ 10 წლის ხანგრძლივობით ჩადენილი აქვს გარკვეული ხასიათის დანაშაულები და თვითონვე აღიარებს ის ამას. ის 2013 წლიდან ასახელებს მის მონაწილეობას ქოლ-ცენტრებში, თუმცა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და მას არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, ანუ ის არის დღეის მდგომარეობით მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით წარმოდგენილი სასამართლოს სხდომის დარბაზში.
რაც შეეხება დასახელებული პირის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას, ის საუბრობდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მის პარტნიორებთან არსებულ გაურკვევლობაზე გარკვეულ წილებთან დაკავშირებით, მაგრამ მან ისიც დასძინა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან არანაირი სახის პირადი შემხებლობა და ურთიერთობა, კომუნიკაცია მას არასდროს არ ჰქონია.
გამორიცხეთ და ამოიღეთ წინადადებიდან გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვა. ეს არის ბრალდების მხრიდან მხოლოდ ფონის შექმნა. სუს-ის თანამშრომლებთან მან მის ურთიერთობაზე ნამდვილად ისაუბრა, როგორც პარტნიორებთან, თუმცა დასახელებული პირები არავითარ შემთხვევაში არ და ვერ წარმოადგენენ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას,” – ამბობს ლანა ცერცვაძე.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.
