სასახლის ღობის საქმე – პროკურორი ლაშა ცქვიტარია ადასტურებს, რომ საქმეში მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნა არ დევს.
12 პირიანი საქმის პროკურორმა დღეს “პირველების” კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ აღნიშნული პასუხი ექსპერტიზის დასკვნის სახით ამ ეტაპისთვის მოსული ჯერ არის, “თუმცა შემდგომ ეტაპზე ანუ იმ საქმეზე, სადაც განაჩენია დამდგარი, სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ის განაჩენი უშუალოდ ორგანიზატორებთან მიმართებით”.
“რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში მტკიცებულებების სახით მოთავსებული იყო ვიდეო მასალა, მათ შორის ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია თითოეული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიღებული. გარდა ამისა, საქმეს ერთვის ის ინფორმაცია, რაც შექმნილი და გადაღებული იქნა შსს-ის პრესსამსახურის მიერ, სადაც დეტალურად არის ასახული 64-ვე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება. საქმეს ერთვის მთელი რიგი ექსპერტიზები, მათ შორის გარკვეულ შემთხვევაში დანიშნულია შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. აღნიშნული პასუხი არ არის ამ ეტაპისთვის ექსპერტიზის დასკვნის სახით მოსული, თუმცა შემდგომ ეტაპზე ანუ იმ საქმეზე, სადაც განაჩენია დამდგარი, სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ის განაჩენი უშუალოდ ორგანიზატორებთან მიმართებით”, – აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა.
დარბაზიდან გათავისფულდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.
სამი წელი პირობითი მსჯავრი – ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.
