4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებული პირების საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, თუკი, ის დაკავებულები, რომლებიც ამ ეტაპის ჩათვლით ბრალს არ აღიარებენ, პოზიციას შეიცვლიან და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავენ, უწყება მზად არის, მათი მოთხოვნა განიხილოს.
როგორც პროკურორი განმარტავს, საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, დაკავებულებმა ბრალი აღიარონ, მოინანიონ და ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ ცნონ.
„მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებმა მომართეს ბრალდების მხარეს, აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება, უდაოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში, მივაღწიეთ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტულ პირობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი ოქმები წარვადგინეთ სასამართლოში. ამ მოტივით ვიშუამდგომლეთ, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილიყო აღნიშნული ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა… ვინც მოგვმართა, მათ მიმართებით განვიხილეთ. ბრალდების მხარე რეალურად მზაობას გამოხატავს განხილვაზე. ბრალდებულებმა უნდა მოგვმართონ – საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებული ბრალად წარდგენილ დანაშაულს აღიარებს, ქმედებას ინანიებს, უდაოდ ხდის მტკიცებულებებს, რის შემდეგაც უკვე ბრალდების მხარე კონკრეტულ განცხადებას განიხილავს“, – განაცხადა იაკობიძემ.
კითხვაზე, მეორე ინსტანციის სასამართლოში, სხვა ეპიზოდზე, მაგალითად, ორგანიზებისთვის მსჯავრდებულები, თუკი, საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავენ, დათანხმდება თუ არა პროკურატურა, იაკობიძე პასუხობს, რომ უწყება ყველა მიმართვას განიხილავს.
„როდესაც პროკურატურას მომართავენ კონკრეტული განცხადებით, პროკურატურა აუცილებლად განიხილავს ამ განცხადებას, თუკი, განცხადება იქნება მომართული, ამას განხილვა აუცილებლად მოჰყვება. განხილვის შედეგი – უარყოფითი, ან დადებითი, აუცილებლად ეცნობება ნებისმიერ პირს, რომელიც საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას შემოიტანს. რადგან სახელმწიფო ბრალდებას მოცემულ 14 პირთან მიმართებით ვუჭერ მხარს, შემიძლია გითხრათ, რომ თუკი, მათგან იქნება მომართვა, იქნება მათი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება, ლოგიკურია, განცხადებას განხილვა მოჰყვება და შედეგები ეცნობებათ“, – განაცხადა იაკობიძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 14 პირიდან კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ესენი არინა: გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.
