ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ – როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, 11 ივნისს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით „ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება და არა პოლიტიკური ხასიათის“.
პაპუაშვილი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობას მიღებს.
„წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულება არის ჩატარდეს ასეთი ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიღებს მონაწილეობას. ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ ვიხილეთ წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული. ევროკავშირს სურს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ“.
„როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, ბრიუსელს მოსთხოვო, გაასაჯაროოს საკუთარი დაფინანსებები იმისთვის რომ გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა.ყველა ის პრეტენზია, რაც არსებობს საქართველოს უვიზო, სასანქციო, საკანონმდებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არის შიდა სახელმწიფოებრივი, ანუ სუვერენიტეტის საკითხი. ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. „მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, – წერს იოზვიაკი.
საქართველოს საგარეო უწყებაში კი განაცხადეს, რომ სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.
„ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“, – აცხადებენ უწყებაში.
