ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ იყო მშვიდობა, რაც ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას მთლიანად რეგიონისთვის.
„პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც რეგიონში არსებობს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული. ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო, სომხეთისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას მთლიანად რეგიონისთვის. თავის მხრივ, ეს წაადგება რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49.81%-ი მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ით. მესამე ადგილზეა პარტიების ბლოკი „სომხეთი“ – 9.94%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 4.00%-ით, მეხუთე ადგილზე გავიდა პარტია „ერთობის ფრთების“ პარტია 2.30%-ით.
