სამუშაოს შეთავაზება ფულის სანაცვლოდ, ნაქირავებ ბინაში შეტყუებული არასრულწლოვნები და სავარაუდო პედოფილიის ფაქტები ქვემო ქართლში — ვინ არის რუსთავში მოკლული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის სკოლის მოსწავლე დააკავეს?
მოზარდის ადვოკატის ვერსიით, ორი დღის წინ მომხდარი ტრაგედია აუცილებელი მოგერიების შედეგი იყო. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეათეკლასელი თავს იცავდა და დაპირისპირების დროს სავარაუდო მოძალადე შემოაკვდა.
ირკვევა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი არასრულწლოვნებს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა სამუშაოს შეთავაზების მოტივით იბარებდა. დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ამის შემდეგ ხდებოდა მოზარდებზე სექსუალური ძალადობა.
უფლებადამცველი ასევე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბიჭი ერთადერთი სავარაუდო მსხვერპლი არ არის. მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პოლიციაში მისვლასა და ჩვენების მიცემას სხვა არასრულწლოვნებიც გეგმავენ, რომლებიც აცხადებენ, რომ იმავე პირის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.
ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები სწავლობენ როგორც მკვლელობის გარემოებებს, ისე არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო სექსუალური დანაშაულის შესაძლო ეპიზოდებს. დამატებითი ჩვენებები და მტკიცებულებები, შესაძლოა, გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.
