საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ბორდის წევრებმა, ლიკა ბასილაიამ და გიორგი ტუღუშმა, შესაბამისი პირებისგან განმარტებები მოითხოვეს, თუმცა დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.
“მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ირინა ყურუა, ლევან ხარაბაძე – გამოგვიგზავნეს წერილი, იმ წერილში, მათდამი გაგზანილ წერილში თქვენ მიუთითებთ, რომ პრიგრამულ პრიორიტეტებთან თავსებადი არ არისო და ახლა მინდა გკითხოთ, პროგრამული პრიორიტეტი ახალი ამბები თქვენთვის არ არის?” – თქვა სხდომაზე ლიკა ბასილაიამ.
სხდომას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მაუწყებლის მიმართ სანქციების შესახებ ღია მუქარები ისმის და ეს მედიის საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები თანამშრომლებზეც ახდენს გავლენას და შინაგანი ცენზურის ჩამოყალიბების რისკს ქმნის.
მაღლაფერიძე ასევე გამოეხმაურა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ რეორგანიზაციას. მისი მტკიცებით, ტელევიზიაში „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“ და თანამშრომელთა გათავისუფლება კანონის ფარგლებში განხორციელდა და პოლიტიკურ მოტივაციას არ უკავშირდება.
„ადამიანებმა ისწავლეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნით ახსნან, თუმცა რეალურად ყველაფერი პროცედურებისა და კანონის დაცვით მიმდინარეობს,“ – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი გადაწყვეტილება არსებული პოლიტიკური ფონის გამო პოლიტიკურ ჭრილში განიხილება, თუმცა მაუწყებელი არცერთი პოლიტიკური ძალის „იდეური სპონსორი“ ვერ გახდება და პროფესიული სტანდარტების დაცვას გააგრძელებს.
“როდესაც შენ გადაცემის წამყვანად ჯდები და ფაქტების მოყოლის ნაცვლად, შენს პოლიტიკურ შეფასებას იწყებ… ეს კერძო ტელევიზიაშიც მაინცა და მაინც მიღებული ფორმა არ არის, თუმცა ის მაინც კერძოა. საზოგადოება მრავალფეროვანია და ადამიანს შეიძლება ეს არ უნდოდეს, რადგან მეორე მხარეც ჰყავს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც ერთი მხრიდან რევოლუციის იდეური სპონსორი ვერ გახდება – ეს შეიძლება ვიღაცას ასე უნდოდეს, რაც მისი უფლებაა ან არ არის უფლება და კანონთან მოაგვარებს, მაგრამ ის, რომ ტელევიზიაში მუშაობს და მან ეს უნდა გამოიყენოს, გამოყენებული ვერ იქნება. მაგალითად, ერთია, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს და ამას აშუქებ და მეორეა, როდესაც შენ იმაში შედიხარ, რომ უკანონოდ არის დაპატიმრებული…. შეიძლება ითქვას, რომ ერთმა მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ კანონიერად არის, მეორემ ამტკიცოს, რომ უკანონოდ არის და სასამართლო ორგანოდ უნდა იქცეს. ამ ტიპის პრობლემები არის.
ადამიანებმა ისწავლეს, რომ მაშინვე ეს უნდა ახსნას პოლიტიკური დევნით, რომ არის წნეხის ქვეშ, თუმცა ყველაზე ჩასაფრებულები უცხოეთიდან, რომლებსაც აქედან წერილს წერილზე უგზავნიან და იქიდანაც ისმის მუქარები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდენციურობაზე ვერაფერს ამბობენ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
