საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 2024 წლიდან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ე.წ. „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების“ ტენდენციებს მიმოიხილავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის თებერვლამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით 304 კანონი მიიღო.
საიას შეფასებით, ამ პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება ზღუდავს შეკრების, გამოხატვის, გაერთიანებისა და მედიის თავისუფლებას, ასევე გავლენას ახდენს საჯარო მოსამსახურეთა უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონების მნიშვნელოვანი ნაწილი საკმარისი საჯარო განხილვის გარეშე იქნა მიღებული და რეპრესიული კანონშემოქმედების ტენდენცია 2026 წელსაც გრძელდება. კვლევაში გაანალიზებულია 27 საკანონმდებლო აქტი და ცვლილებათა პაკეტი, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, FARA-ს ანალოგი, გრანტებთან, შეკრებებსა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
“ჩვენ შევამოწმეთ ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე იქნა საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული. 300-ზე მეტ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა აი, ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. დაჩქარებული წესით მიიღო ისეთი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ეხებოდა ძირითად უფლებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. ამ კუთხით, ასეთი თენდენციით, ასეთი ფორმით საკანონმდებლო ინიციატივების მიღება თავის მხხრივ უთხრის ძრს დემოკრატიული საელმწიფოს პრინციპს, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები უნდა მიიღებოდეს დელიბერალიზაციის მაღალი ხარისხით, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით და შესაბამისად, შინაარსობრივად რეპრესიული ცვლილებების მიღების ფორმაც იყო არადემოკრატიული. ეს ფორმა პროტესტისა გამოცხადდა კანონგარეშედ, გაიზარდა სანქციები ადმნიისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, დაინიცირდა ცვლილებები და დანაშაულებრივად გამოცხადდა კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსში, რაც უშუალოდ პროტესტს ეხებოდა და ამასტანავე, ყველაფერი დაიწყო რუსული კანონის მიღებით 2024 წელს. ამიტომაც იყო საგანგაშო ამ კანონის მიღება, რომ ამ კანონის მიღებით დაიწყო თავისუფალი სივრცეების შევიწროება და ამ თავისუფალი სივრცეების შევიწროების პრაქტიკა, ბუნებრივია, არ შეხებია მხოლოდ უფლებადაცვით და მედიაორგანიზაციებს, მან ჯაჭვური რეაქცია იქონია სხვა თავისუფლებებზეც, რომლებიც დღეს განსაკუთრებით იჭრება ინდივიდების უფლებებში. ასეთი 27 საკანონმდებლო ცვლილებაა განხილული ჩვენს დოკუმენტში, – ამბობს თამარ ონიანი.
ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ.
