პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, იმისთვის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს, რაც ამ ეტაპზე სახეზე არ არის. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიქაუტაძის სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.
პროკურორის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება. ირაკლი მარშანიას თქმით, დაცვის მხარემ გაასაჩივრა აღნიშნული განაჩენი, თუმცა რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რაც არ განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ ან არ შეაფასა, აღნიშნულ საჩივარში ასეთი არაფერი არ არის. შესაბამისად, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ რომეო მიქაუტაძის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და ძალაში უნდა დარჩეს.
„როდესაც პირველ ინსტანციაში პროცესი სრულდებოდა, მართალია მან შემოიტანა განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა ბრალდების მხარემ უარი დააფიქსირა, ვინაიდან რეალურად არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ზიანი არ ჰქონდა ანაზღაურებული და შესაბამისად, ამიტომ დადგა არსებითი განაჩენი მის მიმართ. ამ ეტაპზე, რაიმე სიახლე არ არის“, – განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
მან უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ რომეო მიქაუტაძის მხრიდან იქნება თანხმობა, რომ აანაზღაუროს ზიანი, ასევე ხელს მოაწერს აღიარებასაც, განიხილავს თუ არა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას.
„პროკურატურა ზოგადად ვალდებულია ნებისმიერი განცხადება განიხილოს, რომელიც შემოდის პროკურატურაში, შესაბამისად, მისი განცხადება იქნება შეფასებული და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. მხოლოდ ეს პირობა [ზიანის ანაზღაურების შესახებ] არ არის. ზოგადად, საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, მთელი რიგი წინაპირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული – მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს, რაც ამ ეტაპზე სახეზე არ არის, იგივე მდგომარეობაა რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო საქმის განხილვის დროს.
ზოგადად, დიდი რაოდენობის ქონებაა დაყადაღებული და ანტიკორუფციულ სააგენტოში მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში – ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
მიქაუტაძეს ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა “ნახიდურჰესის” 15%-იანი წილი.
გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – “ფულის გათეთრებაში”, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის – „ფულის გათეთრების“ ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს;
სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.
რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას – “ფულის გათეთრებას” გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
