აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობას და, შეთანხმებას შესაძლოა, კვირის ბოლომდე მიაღწიონ. ჰორმუზის სრუტის გახსნა კი, ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისთანავე უნდა მოხდეს.
„მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის. შეიძლება, არც მოხდეს შეთანხმება. ვინ იცის? მაგრამ, ეს თუ მოხდა, შეიძლება, ეს შაბათ-კვირას იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ლიბანში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, რეგიონული კონფლიქტი თავიდან აიცილოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მათ „ჰეზბოლასთან” პირველად დაამყარეს კონტაქტი.
„სინამდვილეში ჩვენ „ჰეზბოლასთან“ პირველად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ არ ისვრიან. არც ისრაელი ისვრის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ აშშ ქვეყანაში შეუშვებს, დამარხულ ბირთვულ მასალებს ამოიღებს და გაანადგურებს.
„ეს მასალა ძალიან ძნელი ამოსაღებია, მაგრამ მაინც მინდა მისი მიღება. ამერიკა და ჩინეთი, ალბათ, ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც ამისთვის საჭირო აღჭურვილობა გააჩნიათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპი.
ირანის საზღვაო ბლოკადაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის შესაძლოა, სამხედრო დარტყმებზეც უფრო ეფექტური იყოს.
