საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით პროდუქტი კვლავ ძვირდება, თუმცა ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოში ევროპასთან შედარებით ყველაზე დაბალი ფასებია.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლის გაზაფხულზე ინფლაციის დონემ მატება დაიწყო, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” მთავრობამ “მიზანშეწონილად ჩათვალა” ინფლაციური პროცესების შეჩერება.
კობახიძე ირწმუნება, რომ მათ ამ შედეგს მიაღწიეს და თითქმის ყველა ქსელმა შემოიღო კონკრეტული პაკეტი, სადაც მოქმედებს მუდმივი ფასდაკლებები.
“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ და ამ პროცესის საფუძველზე ჩვენ მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ შარშანწინ გვქონდა ინფლაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, შარშან გაზაფხულიდან ცოტა მაღლა წამოვიდა ეს მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ინფლაციური პროცესების შეჩერება და საბოლოო ჯამში, ამ შედეგს მივაღწიეთ. თქვენ თუ დააკვირდებით ბოლო თვეების ტენდენციას, ინფლაციური პროცესები ჩვენს ქვეყანაში არის შეჩერებული. წლის განმავლობაში სასურველია, რომ სამომხმარებლო ფასები იზრდებოდეს მაქსიმუმ 3-4 პროცენტით და ჩენ გვინდა დავუბრუნდეთ ამ მაჩვენებელს.
რაც შეეხება პირველ შედეგს, რასაც პრაქტიკული თვალსაზრისით მიაღწია ამ კომისიამ, ეს იყო ის, რომ თითქმის ყველა ქსელმა შემოიღო კონკრეტული პაკეტი, სადაც მოქმედებს მუდმივი ფასდაკლებები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოციალურად შეჭირვებული ფენისთვის, რაც სხვათა შორის ძალიან ეწყინა ოპოზიციას, ამ პაკეტების შემოღება და დამკვიდრება. სისტემური სახე შეიძინა ფასდაკლებებმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული ფენისთვის.
ყველა ქვეყანასთან შედარებით საქართველოში არის ყველაზე დაბალი ფასი, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით საქართველოში არის უფრო დაბალი ფასი, არის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და თურქეთი, სადაც არის ჩვენზე შედარებით დაბალი ფასი, ყველა სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ფასები არის 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ მაღალი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
