30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი – თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და „ანტიქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა უმნიშვნელოვანესი კვლევა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი. მხოლოდ ბოლო 6 თვეში, ელიტური კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება, კალაძის გარემოცვაზე გაცემული პრობლემური სამშენებლო ნებართვები, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ მოგებული 10.4 მლნ ლარის ტენდერები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენებისთვის 178 მილიონი ლარის მიღებია, „ილი ჯგუფისთვის“ ბიუჯეტიდან მიღებული 250 მლნ ლარი და ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა.
გამოვლენილი 315 სავარაუდო კორუფციული საქმის სია ასე გამოიყურება – მთავრობის 40 წევრი არის ამ კორუფციულ სქემებში სავარაუდო თანამონაწილე, პარლამენტის 48 წევრი, 20 მოსამართლე „კლანის“ წარმომადგენელი და რაც სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივია, მუნიციპალური თანამდებობის პირები 81.
მაშინ, როცა ძვირდება ფასები „ანტიქართული ოცნება“ ჩაფლულია ძალიან მძიმე შეკითხვები ელიტური კორუფციის საქმიანობაში. ეს მაჩვენებელი არის უპრეცედენტო, რომელიც მიუთითებს „ქართული ოცნების“, მასთან დაკავშირებული ბიზნესის მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ საქმიანობაზე. პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და „ანტიქართულ ოცნებას“. თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი,“ – განაცხადა კუპრაძემ.
