უწყვეტი პროტესტის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ და სიძულვილის ენასთან ბრძოლის ახალი სამმართველოს საქმიანობის წესებთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ. მათი ინტერესის საგანია, როგორ გაარჩევს ახალი უწყება სიძულვილის ენას გამოხატვის თავისუფლებისგან, რა ფრაზები ჩაითვლება შეურაცხყოფად, ღირსების შემლახველ განცხადებად ან აგრესიულ კომუნიკაციად.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია როგორც მეთოდოლოგია, ის შერჩევის კრიტერიუმები, რომლითაც აღნიშნული სამმართველო იხელმძღვანელებს.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი უწყება შესაძლოა კრიტიკული მოსაზრებების კონტროლის ინსტრუმენტად იქცეს. მათი შეფასებით, ე.წ. „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“ რუსული მოდელის მსგავსად იმუშავებს და ყურადღების ცენტრში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები აღმოჩნდებიან.
„უწყვეტი პროტესტის“ მონაწილეების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ახალი რეგულაციები არა მხოლოდ საპროტესტო აქციების მონაწილეებს, არამედ სოციალურ ქსელებში აქტიურ მოქალაქეებსაც შეეხოს. მათი შეფასებით, “ოცნების” ხელისუფლების კრიტიკა, მათ შორის მოსაზრებები სოციალურ, ეკონომიკურ თუ ურბანულ პრობლემებზე, შესაძლოა სამართლებრივი რეაგირების საფუძვლად იქცეს.
მათი თქმით, სწორედ ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამ წინასწარ იცოდეს, რა კრიტერიუმებით და რა ფარგლებში იმოქმედებს ახალი სამმართველო.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.
წყარო
