მოცეკვავე თეა დარჩია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემას ესტუმრა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.
„ტრაგედიაა, რომ დღეს ისევ გვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი. გულწრფელად მრცხვენია, რომ მოჯადოებული, საზიზღარი წრე, რომელიც შექმნა სისტემა კომუნიზმმა, ამ სისტემაში ბევრი კარგი ადამიანი ფუჭდება. ეს სისტემაა აღმოსაფხვრელი და გასაქრობია, გაყიდვინებს სულს. ან ამ სისტემაში ხარ, სულს ყიდი და ფულს იღებ, ან არ ხარ ამ სისტემაშ და ხარ ჩვენს მდგომარეობაში. გვაქვს გადაკეტილი ჰაერი. რომ მოვისმინე ევროპის განაჩენი, მადლობა ღმერთს, დროებითი, გაფთხილებითი, იმ მომენტში ჩემი ცხოვრება დაპაუზდა, ვერ დავინახე მომავალი, რისთვის ვმუშაობ, რატომ ვასწავლი. რისთვის მოვედით აქამდე, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ?
ჩვენმა თაობამ დავაშავეთ ძალიან ახალგაზრდა თაობასთან – ჩვენი „სვეცკური“ გაჩუმებით, „სვეცკაობით“, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, ისე მოხდა, რომ პოლიტიკა სახლში შემომივიდა, ჰაერს მიკეტავს. ოთხი შვილი გავაჩინე ამ ქვეყანაში რისთვის რომ ისევ რუსეთის ჭაობში აღმოვჩნდე? თან, იმ რუსეთის რომელიც აბსოლუტურ ბოროტებად იქცა? არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ დაგაჩმოროს, დაგიპყროს, ეს ათი წელი რა ჰიპნოზიც გვიკეთეს, თურმე არაფერი დაშლილა – ეს შხამიანი საცეცები ვრცელდება და ნაყოფს იღებს.
ჩვენ საქართველოში ქართველებმა გვიღალატეს, მოგვატყუეს, ეს არის ყველაზე მწარე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩვენივე მთავრობა შიგნიდან ოკუპაციას გვიკეთებს, სულები, მომავლის, ბავშვების. ეს ფარდა თუ ჩამოიწია, დამთავრებულია ჩვენი ამბავი. მოდით სიმართლეს ჩავხედოთ ვალებში…“ – განაცხადა თეა დარჩიამ