ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ნანი გვარიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც სტუდენტს “ხელი შემოულაწუნა და მობილური დააგდებინა”, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება.
სტუდენტი, ნონა მირზოევა იმედოვნებს, რომ გამოძიება ბსუ-სა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერებსაც ამოიღებს და შესაძლებელი გახდება ობიექტური სურათის შექმნა.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბსუ-ს კამერებიდანაც მოხდება ამოღება იმ ჩანაწერების და იმ ფრაგმენტის, სადაც უშუალოდ ჩემზე მოხდა ეს ძალადობა, შევეცდები, რომ ირგვლივ კამერებიც მოვიძიო. იმედის ნაპერწკალი გამაჩნია იმის, რომ კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ და შესაძლებელი იქნება ნამდვილად ობიექტური სურათის შექმნა,” – ამბობს ნონა მირზოევა.
სტუდენტის ადვოკატი განმარტავს, რომ მათი მოთხოვნით, ლექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც უნდა დაიწყოს მერე სტუდენტის, თამარ სურმანიძის შეურაცხყოფის ფაქტზე.
კონკრეტულად ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას, თუმცა ჩვენ მოთხოვნა გვქონდა მეორე გოგონასთან, თამართან მიმართებაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ინიცირებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით ამ ნაწილში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქმედებაზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც აგოს ამ პირმა პასუხი თავის ქმედებაზე, რაც განახორციელა ამ ორი გოგონას მიმართ,” – ამბობს ადვოკატი.
28 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ქუჩაში ხელმოწრებს აგროვებდა, ხელი გაარტყა.
ნანი გვარიშვილმა, ჯერ ახალგაზრდა აქტივისტებს ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი იძალადა.
ბსუ-ის რექტორი, ტიტე აროშიძე გმობს მომხდარს და ამბობს, რომ აღნიშნულზე ეთიკის კომისიაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
