პაპუნა ლოცულაშვილს დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და გამოძიებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევას სახელმწიფომ და გამოძიებამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულების, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატმა, რევაზ რევაზიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, თუკი, ლოცულაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყდება, დაცვის მხარე აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
„ჩვენ ღრმად გვჯერა იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან რომელიმე პირს ბრალდება წარუდგინონ რამე საფუძვლით. თუკი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდება წარედგინებათ, ეს იქნება უფრო დიდი უსამართლობა, რაც მოხდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი, პაპუნა ლოცულაშვილი დღემდე ბრალდებულის სტატუსს ატარებს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება, ამ შუამდგომლობას ოფიციალურადაც დავაყენებთ. კვალიფიკაცია, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ მიმდინარეობს საქმე, კორექტირებას და დაზუსტებას საჭიროებს, ჩვენ გამოძიებას ამ მოთხოვნითაც მივმართავთ.
პაპუნა ლოცულაშვილი ბრალდებულის სტატუსის მატარებელი პირია, რაც გაუგონარი უკანონობაა. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ორი ფორმით ხდება: დაკავების, ან ბრალდებულად ცნობით. პაპუნა ლოცულაშვილის შემთხვევაში სისხლისამართლებრივი დევნა მისი დაკავებით მოხდა. დაკავებიდან ის გათავისუფლდა, მაგრამ ეს სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას არ ნიშნავს. ამისათვის აუცილებელია, ცალკე დადგენილება გამოვიდეს.
ლოცულაშვილს დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს, რაც წარმოუდგენელი უსამართლობაა და გამოძიებისთვის გამოწვევაა, ამ გამოწვევას სახელმწიფომ და გამოძიებამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს. უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა”,- განაცხადა რევაზიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პაპუნა ლოცულაშვილმა პოლიციელს ქვით დაზიანება მიაყენა.
„როდესაც მინისტრის მოადგილე ამ განცხადებას აკეთებს, გვინდა ვიფიქროთ, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და ამას განზრახ არ აკეთებს. თუკი, ის განზრახ აკეთებს ამას, მაშინ გამოძიებაც შეიძლება ობიექტურად არ ჩატარდეს. არ მინდა დავიჯერო, რომ ამასთან გვაქვს საქმე. მისი განცხადება ფაქტებთან 100%-ით აცდენილია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან პოლიციელებზე არც ერთი არ ძალადობდა”,- განაცხადა რევაზიშვილმა.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
