მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, საქმის ფარგლებში კიდევ ორი პირის დაკავებაზე პირველ კომენტარს “პირველებთან” აკეთებს – ეკა კუპატაძე ამბობს, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთზე – დემეტრე კასრაძეზე იცის, რომ სრული ინფრომაცია ჰქონდა და იცოდა გიგაზე თავდასხმის შესახებ. რაც შეეხება მეორე დაკავებულს – კუპატაძე ამბობს, რომ საქმის მასალებში, რაც მას აქვს ირაკლი სულაბერიძე არ ფიგურირებს.
“საქმის მასალებიდან რაც ირკვევა, მე ვიცი, რომ დემეტრე კასრაძეს ჰქონდა სრული ინფორმაცია გიგაზე თავდასხმის შედეგად რა შედეგიც მივიღეთ. მანამდე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ, არ ვიცი, მაგრამ შემდეგ უკვე ვიცი.
ეს დემეტრე კასრაძე არის ის ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ მეგონა მოკვდა და მერე მამაკაცის სასქესო ორგანოთი იხსენიებს გიგას. სულაბერიძის როლი, საქმის მასალები რაც მაქვს ხელთ, ამ წუთში, იქ არსად არ იკვეთება. არ ჩანს, რომ მან რამე იცოდა, თუმცაღა, ეს სულაბერიძე არის ის, პროკურატურამ რომ ძალადობრივი კადრები გაავრცელა, წითელზედიანი ბიჭია. საქმის მასალებში, რაც მაქვს ხელთ, იქ სულაბერიძე არ ჩანს”,- ამბობს ეკა კუპატაძე.
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს. მათ ხელბორკილები გუშინ, 27 მაისს დაადეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.
