ჩემი შვილი, რომელიც იმ მომენტში მსხვერპლი იყო, შესაძლოა, გადამრჩენელი აღმოჩნდეს სხვა ახალგაზრდების – ამის შესახებ გორში პოლიციის მიერ ნაცემი ახალგაზრდა კაცის, ლაშა აბისონაშვილის დედამ, ნინო ელიკაშვილმა განაცხადა.
ელიკაშვილი დარწმუნებულია, რომ სამართალი იზეიმებს, რადგან მისი შვილის ცემის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამბობს, რომ შეუძლებელია ამდენი ადამიანი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდეს.
ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, მარტო ჩემი შვილის კი არა, ისიც ჩემი შვილის მეგობარია, ერთად გაზრდილები არიან, ამ ფაქტის ნახვა. ეს ორი ახალგაზრდა, იმ მომენტში შეიძლება იყო მსხვერპლი, მაგრამ გადამრჩენელი აღმოჩნდნენ, სხვა შესაძლო მსხვერპლების, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში ყოფილიყო. ძალიან მტკივნეულია. უბრალოდ, როგორც მშობლის, ჩემი პირდაპირი სურვილი და მოვალეობაა ბრძოლა და აღიარება იმის, რომ სამართალმა იზეიმოს. უნდა დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, რომელმაც ეს ბიჭები ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ამ კადრებს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და მჯერა, რომ სამართლიანობა იზეიმებს. საზოგადოების ამხელა ძალისხმევას, არ არსებობს შედეგი არ მოყვეს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ამბობს ნინო ელიკაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, 27 მაისს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – 29 წლი პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს, ლაშა აბისონაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.
ადვოკატის თქმით, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
