ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეპიზოდი გრგილ ლილუაშვილის საქმეში – დღეს სასამართლოში გამოიკითხა მეწარმე, რომელმაც ქრთამის სახით მილიონნახევარი ლარი შუამავალს გადასცა.
გამოძიების ინფორმაციით, შუამავალი მეწარმეს დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ტენდერებში კონკურენტი არ ეყოლებოდა და არც სახელმწიფოსთან შეექმნებოდა ხელოვნური პრობლემები.
როგორც საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი “პირველებთან” აცხადებს, აღნიშნული შუამავალი პირი აუცილებლად დაიკითხება სასამართლოში. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, მოწმე დაადასტურებს, რომ მილიონნახევარი ქრთამის პირდაპირ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცა.
მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეში ქრთამის გადაცემის ორი ეპიზოდია – ერთი მილიონნახევარი ლარი, ხოლო მეორე მილიონი დოლარის ოდენობის.
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეპიზოდთან მიმართებით მეწარმე, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და მას გარკვეული სამუშაოები უნდა შეესრულებინა გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, მასთან მიმართებითაც მოთხოვნილი იქნა ქრთამი – მილიონნახევარი ლარის ოდენობით. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს ქრთამი მისი მხრიდან უშუალოდ იქნა გადაცემული შუამავალი პირისათვის. რა თქმა უნდა, ეს შუამავალი პირიც დაიკითხება სასამართლოში და გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი, რომ ის დაადასტურებს, რომ პირდაპირ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცა ეს თანხა.
მოწმისთვის განმარტებული იყო, რომ იმისათვის, რომ სამომავლოდ მას არ გაწელოდა ტენდერი, არ შეექმნათ ხელოვნული პრობლემები სახელმწიფო ინტერესებისათვის, საჭირო იყო, რომ ეს თანხა გადაეცათ და ასეთ შემთხვევაში, ის მიიღებდა მფარველობას თანამდებობის პირის სახით. ასეთი განმარტება ჰქონდა ამ ადამიანს გაკეთებული.
ორი ეპიზოდია, ერთ ეპიზოდზე დღეს მოწმე დაიკითხა და მასთან მიმართებით მილიონნახევარი ლარის ოდენობით თანხის გადაცემა. მეორე ეპიზოდს რაც შეეხება, იმ შემთხვევაში, მეწარმის მიერ გადაცემული არის ერთი მილიონი დოლარი”, – აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.
დღევანდელი მოწმის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა გრიგოლ ლილუიაშვილის ადვოკატმაც – ლანა ცერცვაძე “პირველებს” ეუბნება, რომ პირი, ვისაც მეწარმემ თანხა გადასცა არც დაკავებულია და არც ბრალდებულის სტატუსი აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში.
“ტვ პირველის” ჟურნალისტმა უფლებადამცველს ჰკითხა, ხომ არ არის აღნიშნული შუამავალი პირი ეონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომეო მიქაუტაძე – ადვოკატმა თქვა მხოლოდ ის, რომ აღნიშნული პირი ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი არ არის, სახელების და გვარებსი გაჟღერებისგან კი თავი შეიკავა.
“აღნიშნული ფულადი თანხა გადასცა კონკრეტულ პირის, არა შუამავალს, არამედ კონკრეტულ პირს. მან დაასახელა ეს კონკრეტული პირი, თუმცაღა ეს კონკრეტული პირი არ არის გრიგოლ ლილუაშვილი. მოწმემ ასევე მტკიცებით ფორმატში განმარტა სასამართლოსთვის, რომ არცერთი ძალოვანი უწყებისთვის გადასაცემი თანხა არ ყოფილა აღნიშნული ფული. მოწმემ განმარტა, რომ ერთმა პირმა თავის თავზე აღებულად მისცა პირობა, რომ მას არ შეექმნებოდა პრობლემა. ანუ, იმ პირს, ვისაც გაასცა მოწმემ ფულადი თანხა, სწორედ აღნიშნული პირის მხრიდან მოხდა დანაპირების მიცემა, რომ დასახელებულ მოწმეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
არ არის დაკავებული ის პირი, რომელსაც თანხა გადასცეს. არც ბრალდებულის სტატუსი აქვს. (ჟურნალისტი – ეს ის პირია, ვინც ლილუაშვილს ადებს ხელს?) მოგეხსენებათ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ სახელებით და გვარებით ვერ ვსაუბრობ, თუმცა ერთი რაც შემიძლია ცალსახად ვთქვა, ამ შემთხვევაში არც ის პირი, ვისგანაც ფული გაიცა და არც პირი, ვისთანაც ფული მივიდა და აიღო, არცერთი არ სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით დღეის მდგომარეობით. ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი არ არის ( ჟურნალისტი – თუმცა მუშაობდა სამინისტროში?)ამ დეტალებში აღარ შევალ. (ჟურნალისტი – რომეო მიქაუტაძეს გულისხმობთ?)სახელებს და გვარებს მაქსიმალურად არ ვაჟღერებ. დასახელებულ სისხლის სამართლსის აქმეზე არ არის დაკავებული”, – განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
