რუსეთმა სომხური მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი შეწყვიტა – რუსეთი აცხადებს, რომ შეზღუდვები “სავალდებულო მოთხოვნებს დარღვევის გამო” მიიღეს. პარალელურად, რუსეთმა სომხური ხილისა და ბოსტნეულის დამატებითი შემოწმებები დაიწყო. OC მედია წერს, რომ რუსეთი მსგავს ხერხს ხშირად იყენებს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის წინააღმდეგ, ეკონომიკური იძულების ფორმად. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად სამი სომხური ქარხნის მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელები „სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამო“ აღმოჩნდა.
“იმ პროდუქციის გაყიდვის თავიდან ასაცილებლად, რომელიც არ აკმაყოფილებს სავალდებულო მოთხოვნებს, საცალო მოვაჭრეებსა და იმპორტიორებს ეცნობათ გაყიდვების შეჩერებისა და არასტანდარტული ალკოჰოლური სასმელების ბრუნვიდან ამოღების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სიტუაცია მათ „მკაცრ“ კონტროლზე აყვანილი.
ეს შეზღუდვები ეხება სომხურ ღვინოსა და ბრენდს (კონ yak), რომლებსაც აწარმოებენ კომპანიები: „ვედი-ალკო“ (Vedia-Alco), „აბოვიანის ბრენდის ქარხანა“ (Abovyan Brandy Factory) და „შახნაზარიანის ღვინისა და ბრენდის სახლი“ (Shahnazaryan Wine and Brandy House).
“წყალში აღმოჩნდა ბიკარბონატის იონების, ქლორიდებისა და სულფატების ჭარბი რაოდენობა. პროდუქციის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება“ – აცხადებს რუსეთის ხელისუფლება.
“ეკონომიკური ზეწოლა სომხეთზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ქვეყანამ, საპარლამენტო არჩევნების წინ, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და მაისის დასაწყისში ერევანში ევროკავშირის ორ სამიტს უმასპინძლა. აპრილის შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის სურვილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ „პრორუსულმა“ პარტიებმა.
უახლესი შეზღუდვების პარალელურად, რუსი მაღალჩინოსნები აგრძელებენ სომხეთის გაფრთხილებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ. მათ შორის, მიანიშნებენ გაზის ფასის შესაძლო გაზრდაზე იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი დატოვებს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU).” – წერს გამოცემა.
ამ დროისთვის სომხეთი რუსულ გაზს 1 000 კუბურ მეტრზე 177.5 დოლარად ყიდულობს.
“და თუ სომხეთმა გადაწყვიტა გადადგას ნაბიჯი რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისკენ, როგორადაც ახლა ევროკავშირი ყალიბდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ჩვენ არ გვაკმაყოფილებს“ – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა 22 მაისს.
