“ნელ-ნელა იწყება ყველაზე უხმო გარდაქმნა: ძალა ავტორიტეტად იქცევა, შიში სიბრძნედ… ასეთ ეპოქაში ადამიანები ხშირად აღარ ემორჩილებიან მხოლოდ მმართველებს” – წერს სოციალურ ქსელში მეუფე ზენონი.
“როცა ძალა თანდათან ღირსებაზე მაღლა დგება, ხოლო შიში სინდისზე ძლიერი ხდება,ასეთ დროს ადამიანი თანდათან ეჩვევა იმას, რომ მართალი ის არის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, ხოლო სიმართლე ის, რასაც ყველაზე ხმამაღლა აცხადებენ.
ძალის წინაშე თავდახრილი ადამიანი თავად იწყებს მორჩილების გამართლებას, რადგან დაჩოქებას ხშირად უსაფრთხოების სახელით სწავლობენ.
“ძალის კულტის ფსიქოლოგია“ მაშინ იწყებს ზრდას, როცა საზოგადოება თანდათან წყვეტს სინდისის ხმის მოსმენას და მხოლოდ ძალის ექოს იმეორებს.
როცა ადამიანი სიმართლეს უკვე აღარ ეკითხება- ვის მხარეს არის ძალა, ამას ეკითხება. და ნელ-ნელა იწყება ყველაზე უხმო გარდაქმნა: ძალა ავტორიტეტად იქცევა, შიში სიბრძნედ,ხოლო დუმილი გადარჩენის ხელოვნებად.
ასეთ ეპოქაში ადამიანები ხშირად აღარ ემორჩილებიან მხოლოდ მმართველებს, ისინი ძალის ლოგიკას შინაგან კანონად აქცევენ. სწავლობენ ფრთხილ სიტყვებს, თავდახრილ მზერას და იმ სიჩუმეს, რომელიც გარედან სიმშვიდეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ნელა ჩამქრალი თავისუფლების ხმაა.
ყველაზე ტრაგიკული სწორედ ის არის, რომ ძალის კულტს ყოველთვის ტირანია არ აშენებს- მას ხშირად დაღლილი, შეშინებული და შეგუებული საზოგადოება ზრდის, რომელიც ერთ დღეს ვეღარ არჩევს პატივისცემასა და შიშს შორის განსხვავებას.
რადგან როცა ძალა სიმართლის ადგილს იკავებს, ადამიანი ჯერ სიტყვას კარგავს,შემდეგ შინაგან თავისუფლებას და ბოლოს ისე ეჩვევა შიშით ცხოვრებას, თითქოს თავისუფლება ლეგენდა ყოფილიყოს” – წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.
