„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ სამართალდამცავების დაკავება, რომლებიც გორში ორ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, „მოუწიათ, რადგან ეს ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს“.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციელები ადამიანებს ამ ქვეყანაში ყოველდღე „ეგრე ექცევიან“.
„პოლიციელები ადამიანებს ეგრე ექცევიან ამ ქვეყანაში ყოველდღე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. უბრალოდ ეს მოხვდა ვიდეოკადრებში. რუსთაველის გამზირზე, 2024 წლის ნოემბერ – დეკემბერში 500-ზე მეტი ადამიანი აწამეს შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა, სპეციალურად მომზადებულ მინივენებში. კაციშვილი არ დასჯილა მაგის გამო. უბრალოდ ახლა დაფიქსირდა. მსგავსი ქმედებით სავსეა ყოველდღე არამარტო თბილისის ქუჩები. ვიდეოზე გამოჩნდა და მაგის გამო მოუწიათ [დაკავება]. “ჩასვამენ” და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არ იქნება არავინ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაპუნა ლოცულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს, თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს. ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. მომხდარზე 6 პირია დაკავებული.
