აღმოსავლეთში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ახალი შოკი დაფიქსირდა და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, ის ცხელი ფაზა, რომელიც დღეს გვაქვს, ის გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, რაც ახასიათებს სასაქონლო ბაზრებს, ნავთობის ფასებს და ნავთობის ფასები მყისიერად, ერთი ორად გაიზარდა, მოხდა გლობალური ინფლაციის პროგნოზების გადახედვა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ინფლაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თურნავას თქმით, ეროვნულმა ბანკმა შეაგროვა და გაზარდა საერთაშორისო რეზერვები, რაც არის ერთგვარი ბუფერი, რომლითაც საგარეო შოკებზე რეაგირება ხდება. ასევე, როგორც მან აღნიშნა, საბანკო სისტემაში დაგროვილია საკმარისი კაპიტალი, რათა ეროვნული ბანკი საგარეო ვითარებიდან შექმნილ სხვადასხვა შოკს გაუმკლავდეს.
„ინფლაციასთან დაკავშირებულ კითხვას რაც შეეხება და მისი ზრდის გამომწვევ ფაქტორებს, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბოლო შოკი, რომელსაც ჩვენ მიწოდების შოკს ვეძახით, რეალურად, ეს არის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული საომარი მოქმედებები და მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მაგისტრალის, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა თუ შეფერხებით მუშაობა, ამან გამოიწვია გლობალური შოკი.
აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა საქართველოს მიმართ ლოკალურ ზემოქმედებაზე, არამედ გლობალურ მოვლენასთან. რა გავლენა მოახდინა ამან სხვა ქვეყნების ინფლაციაზე, ესეც უნდა ვიცოდეთ – როგორც კი ეს ახალი შოკი დაფიქსირდა და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, ის ცხელი ფაზა, რომელიც დღეს გვაქვს, ის გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, რაც ახასიათებს სასაქონლო ბაზრებს, ნავთობის ფასებს და ნავთობის ფასები მყისიერად, ერთი ორად გაიზარდა, მოხდა გლობალური ინფლაციის პროგნოზების გადახედვა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვა, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებული და განვითარებადი სამყაროსთვის.
