საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა.
საიას შეფასებით, სასამართლოს მიერ ლევან ხაბეიშვილის მიმართ ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა სცდება დასაშვებ ფარგლებს და აჩენს შთაბეჭდილებას, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის ფუნქცია შეითავსა.
მათივე თქმით, კორუფციული დანაშაულიდან სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად (საბოტაჟად) გადაკვალიფიცირებამ შეცვალა ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსი, რამაც სერიოზულად შეზღუდა ბრალდებულის დაცვის უფლება და დაარღვია ბრალდების უცვლელობის პრინციპი.
“საყურადღებოა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მურთაზ ზოდელავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმედ შერჩეული პირები და სხვა გარემოებები, იმთავითვე ბადებდა ეჭვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნაკლებ შესაძლებელი იქნებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
