ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა – უწყების ცნობით, პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს.
კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი – კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.
საქმეში დევს დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს.
კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია სამი ადამიანი – აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.
უწყების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
რაც შეეხება მესამე ფაქტს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურურის ცნობით, დააკავეს ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი.
გამოძიებსი თანახმად, ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
“განვაგრძობთ გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, აგრეთვე, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.
მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა -მკაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, -ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
