საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ულოცავს.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, განათლება ადამიანის თავისუფლების საფუძველია.
„დღეს თქვენთვის მხოლოდ სკოლის დასრულების დღე არ არის, ეს არის ახალი გზის დასაწყისი. დღე, როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სიყვარულით, მოგონებებითა და მადლიერებით იხურება, ხოლო წინ უსასრულო შესაძლებლობებით სავსე მომავალი იშლება.
განათლება ადამიანის თავისუფლების საფუძველია. სწორედ განათლება აძლევს ადამიანს ძალას, დაიცვას საკუთარი ღირსება, იპოვოს საკუთარი ხმა და შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. ამიტომ, თქვენი უფლებაა, გქონდეთ თანაბარი წვდომა ცოდნაზე, განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ღირსეულ მომავალს ქმნის.
სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ თქვენგანს შეუქმნას გარემო, სადაც ნიჭი, შრომა და თავისუფალი არჩევანი დაფასდება. ქვეყანა ძლიერდება მაშინ, როცა ახალგაზრდებს უსმენენ, მათ განვითარებაში დებენ რესურსს და სჯერათ მათი შესაძლებლობების“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
