საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა, პარალელურად შემცირებულია როგორც სამუშაო ძალის მონაწილეობის, ისე დასაქმების მაჩვენებელი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.4 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.7 პროცენტი შეადგინა. ქალაქებში ორივე მაჩვენებელი კლებას აჩვენებს, მაშინ როცა სოფლებში უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება.
მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად კვლავ უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2026 წლის პირველ კვარტალში მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 16.2 პროცენტი იყო, ქალებში კი — 12.1 პროცენტი. ამასთან, ქალებში უმუშევრობა 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„საქსტატის“ ცნობითვე, შემცირებულია დაქირავებულთა წილიც დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში — მაჩვენებელი 67.5 პროცენტამდე დაეცა.
