საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა – 30 წლის გიგა ოთხოზორია ოკუპანტებმა 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო „მესაზღვრეებთან“. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ „მესაზღვრეები“ დაედევნნენ. მათ შორის იყო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო წაქცეულს თავის არეში საკონტროლო გასროლით ჭრილობა მიაყენა – შედეგად, გიგა ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
