შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
