კრიმინალური ავტორიტეტის ძმა, ლევან შუკაკიძე ამტკიცებს, რომ საფლავების ქვების ბიზნესშია და ქურდულ სამყაროსთან კავშირი არასდროს ჰქონია.
როგორც მან დღევანდელ პროცესზე თქვა, გარაჟი მისთვის არავის მიუცია და ის ყოველთვის ღია იყო, შესაბამისად, პროკურორი რაზე საუბრობს, არ იცის.
“კურსებში მაქვს სოფელი, მაქვს წვდომა იმ უნიკალურ ქვაზე, რაზედაც ვმუშაობდი, 4 შვილი მყავს, შვილებს ვფიცავარ, არც არასდროს მოუცია გარაჟი ავთოს, ის გარაჟი არც არასდროს დაკეტილა, სულ ღია იყო და ვიღაც სიგარეტის მოსაწევად შედიოდა, ვიღაც სათამაშოდ, რაზე საუბრობს პროკურორი, საერთოდ არ ვიცი” – თქვა შუკაკიძემ.
საბრალდებო სკამზე იჯდა მესაფლავეც, რომელიც ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და ქურდული სამყარო მხოლოდ ტელევიზორიდან იცის.
“43 წელია მესაფლავე ვარ, ლევანს ვიცნობ წლებია, ქურდული სამყარო ვიცი ტელევიზორიდან, 15 კვადრატულ ვაგონში ვცხოვრობ, 4 შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ, ძლივს ვარჩენ ოჯახს, რის გირაოს გადამხდელი ვარ. ტანსაცმელს ერთი მეზობელი მაძლევს, საჭმელს მეორე. აქ რატომ ვზივარ, საერთოდ რა მინდა აქ. 7 სული ადამიანი მშიერი დამრჩა. ვაგონში ვცხოვრობ, სასაფლაოზე, რა ქურდები” – თქვა მან.
უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა და ამასთან, არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებდა.
ცნობისთვის, ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე ბრალი 50 პირს წარუდგინეს.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.
