წარმოშობით უკრაინელი ჟურნალისტი, გერმანიის მოქალაქე მარინა კლიმჩუკი საქართველოში არ შემოუშვეს – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ 11 მაისს ის მესაზღვრეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და უთხრეს, რომ 5 000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი. თითქმის 24-საათიანი ლოდინის შემდეგ კი უკან, გერმანიაში გააბრუნეს
„ეს კითხვა მიტრიალებს თავში, რატომ არ შემომიშვეს? არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. გასულ წელს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, სულ 10 წუთით, გზად სასტუმროსკენ, აღმოვჩნდი რუსთაველზე, აქციაზე. ნიღაბი არ მეკეთა. არც კი ვიცი, რა ჯარიმაზეა ლაპარაკი. საჯარიმო ოქმი არ უჩვენებიათ აეროპორტში. შესაძლოა, არშემოშვების მიზეზი ჩემი სტატიები იყოს?… პირველი სტატია წმინდა წყლის ტურისტებისთვის განკუთვნილი მასალა იყო. ინტერვიუები ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კი უფრო კრიტიკულ შინაარსს ატარებდა. შეიძლებოდა ეს სტატია გამხდარიყო ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი? ვწერ სტატიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. არ ვიცი, შეიძლება, რომ ამის გამო ვიყო, მაგალითად, რუსეთის „შავ სიაში“? არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო… რამდენიმე ადამიანი მესაუბრებოდა. ნაწილი მეუბნებოდა, რომ თუ გადავიხდიდი თანხას, მქონდა შანსი, გავსულიყავი აეროპორტიდან. მეორე ნაწილი მეუბნებოდა, რომ შესაძლოა შევეშვი ქვეყანაში, მაგრამ ამის შესახებ მას შემდეგ შემატყობინებდნენ, როცა გადავწყვეტდი, გადავიხდიდი თუ არა ჯარიმას. ვუთხარი, რომ არ მქონდა ანგარიშზე საკმარისი თანხა და ჩემი პარტნიორი უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. ორსულად ვარ, არ მინდოდა, რომ დამატებითი სტრესი განმეცადა, ამით ნაყოფი დამეზიანებინა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოქმი არ მინახავს, იურისტთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, მაინც გადამეხადა ე.წ. ჯარიმა… უკან დამიბრუნეს ის 3000 ლარიც. ეს ყველაფერი ცირკს ჰგავდა. ათჯერ მაინც მოვითხოვე, რომ გადმოეცათ დოკუმენტი, რომელშიც ქვეყანაში შესვლაზე უარის მიზეზი იქნებოდა განმარტებული. ბოლოს დავნებდი.
ეს დოკუმენტი ფრენამდე ცოტა ხნით ადრე გადმომცეს, რომელშიც ქვეყანაში შემოსვლის უარის მიზეზად მონიშნულია, რომ არ მაქვს გადახდილი ჩემთვის დაკისრებული ჯარიმა… არც საბანი იყო, არც ბალიში. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოვიდნენ და მკითხეს, მქონდა თუ არა ფული, რომ საკვები მეყიდა. სამართალდამცავის თანხლებით გამიყვანეს აეროპორტში არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტში, სადაც ვიყიდე საჭმელი, თუმცა ადგილზე ჭამის უფლება არ მომცეს, დამაბრუნეს ისევ ოთახში და იქ ვჭამე, საწოლზე.
მოგვიანებით ამავე ოთახში შემოიყვანეს დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სავარაუდოდ, დეპორტაციის მიზნით… ” – ეუბნება რადიო თავისუფლებას მარინა კლიმჩუკი.
