ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია “იმედისთვის” ევროპარლამენტში ერთი წლით მუშაობის აკრძალვას გამოეხმაურა.
მარკეტა გრეგოროვა განმარტავს, რომ პრო სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები ინტერვიუებს უნებართვოდ იღებდნენ.
ევროდეპუტატმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ის აღნიშნულმა მედიებმა თანხმობის გარეშე ჩაწერეს და უყვიროდნენ იმის გამო, რომ მათთან საუბარი არ სურდა.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ “ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიული მედია გააკეთებდა”.
“მე არ მაქვს ოფიციალური დადასტურება ევროპარლამენტის შესაბამისი სამსახურებიდან იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2″ და PosTV-ი დასანქცირდნენ, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ მოხარული ვარ, რომ წესები ყველაზე ვრცელდება.
პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს თავიდანვე არაფერი ესაქმებოდათ ევროპარლამენტის შენობაში. მეორე მხრივ კი, ისინი არ იცავდნენ საპარლამენტო წესებს, რაც ჩაწერისთვის წინასწარ თანხმობას გულისხმობს.
პირადად მე ჩამწერეს ჩემი თანხმობის გარეშე, როდესაც სხვა ტელევიზიასთან, ჩეხურ ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუ. მიყვიროდნენ იმის გამო, რომ მათთან საუბარი არ მსურდა არა იმიტომ, თუ ვინ იყვნენ ისინი, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ დრო არ მქონდა მათთან სასაუბროდ. ამის შემდეგ კი საქართველოში ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია აგორდა.
ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიული მედია გააკეთებდა. ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, თუ წესები აღსრულდა,” – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული “იმედი” აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მათ ერთი წლით აუკრძალა საქმიანობა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია სამ სამტავრობო არხს – “იმედს”, “რუსთავი 2-სა” და “პოსტივის” არ მისცა.
