საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა იმ ორ ევროპარლამენტართან დაკავშირებით, რომლებიც პირველი არხის ხელმძღვანელი პირების დასანქცირების ინიციატივით გამოვიდნენ.
კერძოდ, საუბარია მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების სანქციების სიაში შეყვანას ითხოვენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული და ეჭვმიტანილი.
ვასილ მაღლაფერიძემ ევროპარლამენტარების, მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ კონკრეტული ინფორმაცია წარმოადგინა და განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებს, პოლონურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს:
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილი ანგარიში მიიღო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა, მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი შესწორება დაარეგისტრირეს და სანქცირებულთა სიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი პირების შეყვანაც მოითხოვეს.
ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გაახარა საქართველოში მოქმედი ის პოლიტაქტივისტები, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ევროპარლამენტართა მიერ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებას მოწიწებით უნდა დავეთანხმოთ და მათი ყველა ბრძანება უყოყმანოდ უნდა შესრულდეს.
თუმცა, ვიდრე თავზე ნაცარს დავიყრით, ვნახოთ, ვინ არიან და როგორი რეპუტაციით სარგებლობენ საკუთარ სამშობლოში ბატონი მარიუშ კამინსკი და ქალბატონი მალგოჟეტა გოშევსკა, რომლებმაც ევროპის სახელით მძიმე განაჩენი გამოგვიტანეს.
წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებს, პოლონური მედიაში გავრცელებულ ცნობებს და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
