ცნობილი ხდება სოფელ ბირლიკში მცხოვრები გარდაცვლილი ძმების ვინაობა – ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს. გარდაცვლილები არიან შამილ და ქამილ ალიევები, ასევე კიდევ ორი ძმა არის დაღუპული – ალილ და საჰირ ჯალილოვები.
“ქამილი 19 წლის იყო, შამილი 17 – ის. ბიჭებს მშობლები დაღუპული ჰყავთ. ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. მშობლები ადრე დაეღუპათ, ჯერ მამა, შემდეგ დედა. ორივე გამორჩეულები იყვნენ ზრდილობით, მოწესრიგებულობით, კულტურით და არასდროს არავის აწუხებდნენ. ყველას ძალიან უყვარდა ძმები. ძალიან კეთილი იყო შამილი. ყველას გულშემატკივარი. გული მტკივა ძალიან. შამილი მიმტანად მუშაობდა, შრომობდა, ქამილი სპორტს მისდევდა, კრივით იყო დაკავებული. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, სიტყვები არ მყოფნის, როგორი გამორჩეული ძმები იყვნენ, გული მტკივა ძალიან და ვუსამძიმრებ ყველას”, – ამბობს ბიჭების სკოლის პედაგოგი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დრომდე გრძელდება ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო სამუშაოები.
ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. დაშავებული ერთი პირი ამჟამად რუსთავის კლინიკაში იმყოფება, სადაც აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
