მინდა მივულოცო შეერთებულ შტატებს, ერთი ძალიან სამაგალითო ადამიანის შეძენა – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილი გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას.
შარმანაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი არც შტატების პრეზიდენტ ტრამპის და არც რუბიოს დონეზე არ გადაწყდებოდა.
“ხომ არ გგონიათ ახლა, რომ რუბიოს დონეზე იქნა ეს საქმე განხილული, ან ტრამპისა მითუმეტეს. იქაც ვიღაც ბიუროკრატები, რომლებიც ძველი ინერციით მოქმედებენ, თვითონ ტრამპი აღნიშნავს, რომ შტატებში ჯერ კიდევ იმდენად ძლიერია დიფ სთეითის გავლენა, რომ თვითონაც კი შტატების პრეზიდენტს უჭირს იქ ოპერირება. ასე რომ ასეთი ტიპის ბიუროკრატების გადაწყვეტილება იქნება ეს. სხვა დანარჩენი, მინდა მივულოცო შეერთებულ შტატებს, ერთი ძალიან სამაგალითო ადამიანსი შეძენა”, – განაცხადა შარმანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა – ინფორმაცია “ტვ პირველის” ეთერში პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
ადვოკატი ამბობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, ვინც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.
